თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან კონფლიქტის მთავარ ფიგურანტს, გიორგი შარაშიძეს ამ ეტაპზე ბრალს ვერ წაუყენებენ, განაცხადა შარაშიძის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის“ მუხლით აღძრა. როგორც გაირკვა, მერაბიშვილთან კონფლიქტი ცნობილი ქართველი მომღერლის, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებლის გია გაჩეჩილაძის სიძეს მოუვიდა.
გაჩეჩილაძე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლი იყო ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ და დღესაც იბრძვის იმისთვის, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს.
„მის მიმართ ბრალის წაყენება ჯერჯერობით ვერ მოხდებოდა, რადგან თუ საქმეში არ არსებობს დაზარალებული, ბუნებრივია, საქმეც არ არსებობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკოლეიშვილმა.
ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ დაზარალებულს უნდა ქჰონდეს სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომ მან გარკვეული ხარისხის დაზიანება მიიღო, განმარტა ადვოკატმა.
„განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი, ეს თვითონ დაზარალებულმა უნდა თქვას. მას შეუძლია თქვას, რომ უარს აცხადებს პოლიციაში ჩვენების მიცემაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოძიება შედის სასამართლოში, რომ იქ ჩატარდეს დაკითხვა“, – აღნიშნა ადვოკატმა.
ნიკოლეიშვილმა ასევე ისაუბრა კონფლიქტის დეტალებზე. ცნობილია, რომ დაპირისპირება ვაკეში, ერთ–ერთ აფთიაქში, შარაშიძის სახლთან ახლოს მოხდა.
ადვოკატის თქმით, შარაშიძე მივიდა მერაბიშვილთან და მას 19 წლის ბუტა რობაქიძე შეახსენა, რომელიც 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან ინციდენტის დროს მოკლეს.
„დასაზუსტებლად ჰკითხა, ვანო ხარ მერაბიშვილიო?! მე ვარ ბუტა რობაქიძის მეგობარი, ხომ გახსოვს ბუტა რობაქიძეო. როგორც თვითონ ამბობს, გიორგის აინტერესებდა მისი რეაქცია, რამდენად გამოხატავდა სინანულს, ან რამდენად აგდებულად უპასუხებდა. მან უპასუხა აგდებულად და თქვა - „რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო“. სწორედ ამან გამოიწვია მისი მდგომარეობიდან გამოსვლა“, – განაცხადა ადვოკატმა.
საქმე ეხება 2004 წლის 23 ნოემბერს თბილისში, დიდუბის ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე საპატრულო პოლიციამ მოკლა. ინციდენტის დროს ავტომობილში 6 ახალგაზრდა იმყოფებოდა — ამირან რობაქიძე, გიორგი წულუკიძე, ლევან ღონღაძე, პაატა ქიბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და კახაბერ აზარაშვილი.
მაშინდელი გამოძიების ვერსიით, პოლიციამ „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფი" დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთი წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისას მოკლული იქნა, დანარჩენები კი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.
მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. დაღუპულის ოჯახის ზეწოლით მასმედიამ, საზოგადოებამ და ოპოზიციამ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ საქმე შეთითხნილი იყო.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლიდან ექვს თვეში, 2013 წლის მაისში მერაბიშვილი დააპატიმრეს. ის ციხიდან 2020 წლის თებერვალში გამოვიდა.
მერაბიშვილს ბრალი წაყენებული ჰქონდა ექვს რეზონანსულ საქმეზე. აქედან ხუთ საქმეზე მან სასჯელი მოიხადა და საერთო ჯამში საპატიმროში ექვსი წელი და ცხრა თვე გაატარა.
ვანო მერაბიშვილი გაასამართლეს ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე 2005 წელს სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის გამო და დამნაშავედ ცნეს 2006 წელს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე.