იაფი და ხარისხიანი: კომპანია SOCAR საქართველოში მაღალი სტანდარტის დიზელს შემოიტანს

Sputnik
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარი“ 2023 წლიდან „ევრო 5“ სტანდარტის დიზელის საწვავის იმპორტირებას იწყებს, უმაღლესი ხარისხის საწვავი საქართველოშიც შემოვა, იუწყება ქართული მასმედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოში მდებარე დიზელის საწვავის ქარხნის გადაიარაღების პროცესი ფაქტობრივად დასრულების ეტაპზეა და ქარხანა მზადაა, რომ გაზაფხულზე „ევრო 5“ სტანდარტის დიზელის საწვავის წარმოება დაიწყოს.
მანამდე, ქარხანაში მიმდინარე სამუშაოების დაწყებამდე, „სოკარის“ წილი დიზელის საწვავის იმპორტში დაახლოებით 40% იყო, რაც 2022 წელს დროებით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ წელს „სოკარი“ კვლავ აღიდგენს ამ მაჩვენებელს და მომხმარებლები უმაღლესი ხარისხის „ევრო 5“ ტიპის დიზელის საწვავის შედარებით დაბალ ფასად შეძენას შეძლებენ.
დაბალ ფასს განაპირობებს მეზობელი ქვეყნის გეოგრაფიული სიახლოვე, გამარტივებული ლოჯისტიკური ჯაჭვი, ტრანსპორტირების დროის სიმცირე და თავად იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულება.
SOCAR – აზერბაიჯანის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ეროვნული ნავთობკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობისა და გაზის კორპორაციად მიიჩნევა. ის მართავს აზერბაიჯანის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ერთ გაზის გადამამუშავებელ ქარხანას და რამდენიმე ნავთობსადენსა და გაზსადენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია აგრეთვე ფლობს SOCAR-ის ავტოგასამართი სადგურების ქსელს აზერბაიჯანში, საქართველოში, უკრაინაში, რუმინეთსა და შვეიცარიაში.