დახმარება კიევს: საქართველოდან გაგზავნილი მძლავრი გენერატორები უკრაინაშია

Sputnik
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შეძენილი და უკრაინაში გაგზავნილი მძლავრი 25 გენერატორი კიევში ჩავიდა და უკვე გადანაწილდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
უწყების ცნობით, აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს.
გენერატორები საქართველოდან უკრაინაში 2022 წლის დეკემბრის ბოლოს გაიგზავნა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით გენერატორები საჭიროების შესაბამისად გადანაწილდა სხვადასხვა რეგიონში — ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვისა და კიევის ოლქებში, ასევე ქალაქ კიევში.
1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შეიძინა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შედის.
აღნიშნული გენერატორების მეშვეობით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში მუშაობას შეძლებენ.