თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. აჭარის ბიუჯეტი 2023 წელს 482,3 მილიონ ლარს შეადგენს.
პროგნოზის თანახმად, აჭარის ბიუჯეტის შემოსავლები 481,5 მლნ ლარი იქნება, ხოლო ასიგნებები — 482,3 მლნ ლარი. ამასთან, 2023 წელს აჭარის ბიუჯეტის შემოსულობები 432,1 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც 420 მილიონი საგადასახადო შემოსავლებია. გრანტების ოდენობა 371,4 ათას ლარს შეადგენს.
რეგიონისთვის მთავარი პრიორიტეტია ტურიზმი. ხელისუფლება ტურიზმის განვითარებაზე და რეგიონის რეკლამაზე 15,9 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. აქედან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას 4,5 მლნ ლარი მოხმარდება, ტურისტულ მარკეტინგს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე — 8,7 მლნ ლარი.
გარდა ამისა, აჭარის მთავრობა პრიორიტეტს მიანიჭებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაზეც 2023 წელს 67,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. ხელისუფლება გზების განვითარებაზე 62,7 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს, გარემოს დაცვაზე – 6,7 მლნ ლარის.
კიდევ 100 მილიონს მიიღებენ ავტონომიის შემადგენლობაში შემავალი რეგიონები. 33,2 მილიონი ლარი ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე დაიხარჯება, საიდანაც 12,3 მილიონი მოხმარდება მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას, 8,7 მილიონი კი სოციალურ დახმარებას.
ხელისუფლება განათლებაზე 64,4 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 7,7 მილიონი სკოლების, ხოლო 9,7 მილიონი უნივერსიტეტების დაფინანსებას მოხმარდება.