თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭისყრის მესამე დღეს კვლავ ვერ შეძლო სპიკერის არჩევა, იუწყება BBC.
გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის წამყვან კანდიდატს კევინ მაკარტის კენჭისყრის მე-11 ცდაზე 18 ხმა დააკლდა პოსტზე ასარჩევად. სულ მას 218 ხმა ესაჭიროება წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობის დასაკავებლად.
მომდევნო კენჭისყრა პარასკევსაა დაგეგმილი.
150 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევის მიზეზი, როდესაც გამარჯვებული პარტია კენჭისყრის თერთმეტი ტურის შემდეგაც ვერ ირჩევს სპიკერს, არის კევინ მაკარტის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ოცი რესპუბლიკელი კონგრესმენისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც ხმების სანაცვლოდ მისგან სხვადასხვა დათმობებს ითხოვენ. ესენია, მაგალითად:
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევისა და გადაყენების პროცედურის გამარტივება,
ჯგუფის წევრების დანიშვნა ძირითად კომიტეტებში,
სამომავლო კენჭისყრის ჩატარება მთავრობის ხარჯების შემცირების თაობაზე და ა.შ.
ცნობილია, რომ მაკარტი უკვე დათანხმდა ზოგიერთ მოთხოვნას, მაგრამ კენჭისყრა მაინც ჩიხშია შესული, ვინაიდან ოცკაციანი რესპუბლიკური ჯგუფი დანებებას არ პირებს.
დემოკრატებმა, რომლებიც ახალ კონგრესში უმცირესობაში იქნებიან, ერთხმად მისცეს ხმა საკუთარ კანდიდატ ჰაკიმ ჯეფრისს.
აღსანიშნავია, რომ 1860 წელს შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატას სპიკერის ასარჩევად 44 ტური დასჭირდა.