თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მესტიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 1 იანვარს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მოხდა.
უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს წარსულში არსებული უთანხმოების გამო ორ პირთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენიმე პირს შორის ატყდა სროლა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა ორი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელი, კიდევ ერთმა პირმა კი სხეულის სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 იანვარს დააკავეს. ერთ-ერთ პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ხოლო მეორეს - 108-ე და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.