თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ცივი იარაღის ტარებაზე გამკაცრებული წესები ამოქმედდა.
კანონმდებლობის გამკაცრების თაობაზე ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, შესაბამისი კანონპროექტი კი პარლამენტმა დაამტკიცა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება, 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად, 500 ლარით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.
აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.
კანონი არ გავრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების ან მიღების მიზნით, პროფესიული საქმიანობისთვის, ნადირობის, თევზაობის ან მცენარეული პროდუქციის შეგროვების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან მესაქონლეობის განხორციელების მიზნით. ასევე იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი ამ ტანსაცმლის ნაწილია.
ცივი იარაღის გაყიდვისთვის საჭირო იქნება ლიცენზია. ლიცენზიის წესის დარღვევით იარაღის გაყიდვა გამოიწვევს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 4 ათასი ლარით.
ასევე კანონმდებლობაში შევიდა ტერმინი „ცივი იარაღით უკანონო ვაჭრობა“. ეს დარღვევა დაისჯება 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით ფიზიკური პირებისთვის და 3000 ლარით – იურიდიული პირებისთვის.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წესდება ასევე ცივი იარაღის გადაცემისთვის ადრე ნასამართლევი ან არასრულწლოვანი პირისთვის. პირველ შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში – 1000-დან 1500-მდე ლარს.
ასევე 1000-დან 3000-მდე ლარით დაჯარიმება წესდება ცივი იარაღის უკანონო იპორტისთვის.
ცივი იარაღის ყიდვას შეძლებს სრულწლოვანი პირი, რომელიც ყიდვის დროს წარადგენს პასპორტს და ცნობას, რომ არ არის ნასამართლევი. იარაღის ყიდვის შემდეგ ადამიანი ავტომატურად ხვდება საქართველოს შსს-ს ბაზაში.
ამასთან, შესაძლებელი იქნება იმ ცივი იარაღის ყიდვა, რომელიც ქართული კანონმდებლობის ნორმებს შეესაბამება.