ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის საფასური დღეიდან იზრდება

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად 100 ლარი ეღირება.
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან ავტომობილის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები 185,7%-ით გაძვირდა.
„საქართველოს შინაგანსაქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები პარლამენტმა გასული წლის 16 დეკემბერს დაამტკიცა.
ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად 100 ლარი ეღირება, ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა კი 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი გახდება. დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა ასევე 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი ეღირება.
მთავრობის გათვლით, ფასების მომატება საქართველოს ბიუჯეტს წელიწადში დამატებით 40 მილიონ ლარს მოუტანს, რაც საპატრულო პოლიციისა და მომსახურების სააგენტოს საჭიროებებს მოხმარდება.
ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს ქვეყანაში რეგისტრაცია გაიარა 1,4 მილიონმა ავტომობილმა, 2020 წელს – 1,5 მილიონმა, 2021 წელს – 1,5 მილიონმა, ხოლო 2022 წლის ბოლოსთვის – 1,6 მილიონმა ავტომობილმა.