თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. დეკემბერში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადა თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
ქაშიბაძის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა მსუბუქი იყო და პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
„საბედნიეროდ, იყო უმნიშვნელო დამწვრობები. დაშავებულებს არ დასჭირვებიათ სტაციონარში მკურნალობა, თუმცა ჩვენი გამოცდილებით, სერიოზული შემთხვევები ჯერ კიდევ წინ არის“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ქაშიბაძე კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას და აღნიშნავს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია სიფრთხილის ზომების დაცვა პიროტექნიკის გამოყენებისას.
„მინდა, მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ ეს არ არის სათამაშო და გასართობი. ეს არ არის ნივთი, რომლითაც ოჯახში ბავშვები გაერთობიან. ფრთხილად უნდა იყვნენ. სულ რომ ზედმიწევნით დავიცვათ ინსტრუქცია, გარკვეული შემთხვევებისას მაინც შეიძლება, სერიოზული ტრავმა მივიღოთ. სჯობს, საერთოდ არ გაეკარონ და არ ააფეთქონ“, – აღნიშნა მან.
პეტარდები და სხვა პიროტექნიკა საქართველოში ახალი წლის ზეიმის აღნიშვნის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მისი გამოყენება ხშირად იწვევს ტრავმებსა და დამწვრობას. ახალი წლის დღეებში მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში იზრდება.
კვირის დასაწყისში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პიროტექნიკასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მომავალ წელს იქნება მიღებული. მან არ გამორიცხა, რომ საერთოდ აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება, რადგან ბევრი შემთხვევებია ტრავმის მიღების, განსაკუთრებით, ბავშვებში.
საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, თავის მხრივ, არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ურჩია, არ გამოიყენოს პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეებში.
საქართველოში პიროტექნიკის გაყიდვა არასრულწლოვნებისთვის 2019 წლიდან აიკრძალა.
წელს საქართველომ 712 ტონა ფეიერვერკი, „ბენგალური ცეცხლი“, რაკეტა და სხვა პიროტექნიკული ნაკეთობა შეისყიდა, რომელიც 5,5 მლნ დოლარი დაჯდა. ეს წლების განმავლობაში რეკორდული თანხაა.