თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მოსამატებლად 2023 წელს დამატებით თანხებს გამოყოფს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეების ხელფასები 2026 წლამდე ყოველწლიურად სულ მცირე 10 პროცენტით მოიმატებს.
„ამის მიზანია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს ჰქონდეთ მეტი სტიმული და ინტერესი, დარჩნენ აღნიშნულ სექტორში, ემსახურონ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს, გაზარდონ მათი საქმიანობის ეფექტიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა შეახსენა თანამშრომლებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის, მეტი სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა თითოეულ საკითხზე მუშაობისას, თითოეული მოქალაქის მიმართვის განხილვის, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას.
„არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს გადაწყვეტილებები ძირითადად ეხება და ცვლის არა ერთი ან ორი, არამედ ათასობით მოქალაქის ყოფას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ხელფასების ზრდა მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების თანამშრომლებს შეეხება.
საჯარო მოხელეებს ხელფასი 10%-ით 2022 წლის 1 იანვრიდან აქვთ გაზრდილი.