თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ახალმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, მამაკაცისა და ქალის რომელი სუნამოები მიიჩნევა ყველაზე მიმზიდველად და სექსუალურად, ამიტომ თუ სუნამოს შეცვლას ან მის ვინმესთვის ჩუქებას აპირებთ, კარგი იქნება, თუ კვლევის შედეგებს გაეცნობით, წერს გამოცემა Mirror.
როგორც ირკვევა, გამოცემამ მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც დაახლოებით 4000 ადამიანი მონაწილეობდა – როგორც მამაკაცები, ისე ქალები.
აღმოჩნდა, რომ:
მამაკაცების 85%-ს ქალებისთვის ყველაზე მიმზიდველ არომატად ყვავილის სურნელი მიაჩნია, რადგან ეს არომატი მათზე აფროდიზიაკივით მოქმედებს;
81%-ს ტკბილი სუნამოები აღუძრავს ქალისადმი სექსუალურ ინტერესს;
78%-ს ახალი ხილის სურნელი მიაჩნია ქალისთვის ყველაზე სექსუალურად;
73%-ს მოსწონს, როდესაც ქალის სხეულს ვანილის არომატი აქვს;
69%-ს ციტრუსის სურნელი აღუძრავს ვნებას.
რაც შეეხება ქალების არჩევანს, მათი „სურნელთა უპირატესობა“ ასე გადანაწილდა:
გამოკითხულ ქალთა 85%-ს ყველაზე მეტად მამაკაცის ის პარფიუმი იზიდავს, რომელიც ხის, მუსკუსისა და პაჩულის ნაზავ სურნელს აფრქვევს;
72%-მა სანდალოზის არომატზე შეაჩერა არჩევანი;
64%-მა განაცხადა, რომ უპირატესობას ახალი პიტნისა და ბაზილიკის სუნებს ანიჭებს;
57%-მა კი განაცხადა, რომ მამაკაცებზე ციტრუსების სურნელი უღიზიანებთ სექსუალურ ინტერესს.
აღსანიშნავია ისიც, რომ, ექსპერტების აზრით, რიგ სუნამოებს საპირისპირო ეფექტი აქვთ — აფრთხობენ არა მარტო პოტენციურ პარტნიორს, არამედ უბრალოდ თანამოსაუბრესაც კი. ასეთ სურნელებს შორისაა: საკმევლის, აგარის ხის, ასევე „ვინტაჟური სუნამოების“ არომატები.