სპორტის სასახლესთან უკანონოდ მოჭრილი წიწვოვანი ხეები აღმოაჩინეს

წიწვოვანების უკანონო მოპოვებაზე, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესების დარღვევაზე 200-დან 2.000 ლარამდე ჯარიმა მოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული 80 ერთეულამდე ნაძვის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წიწვოვანების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს 200-დან 2.000 ლარამდე ჯარიმა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე ქვეყნის მასშტაბით მკაცრ კონტროლს ახორციელებენ.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში ან საკარმიდამო ნაკვეთებში. ამასთან, დასაშვებია იმპორტირებული წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციაც. ასეთ შემთხვევაში რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.
წინასაახალწლოდ საქართველოში წიწვოვანი ხეების უკანონო ჭრაზე კონტროლი მკაცრდება>>
თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სმ-ს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ეროვნული სატყეო სააგენტო.