„ხალხის ძალა“ ამზადებს კანონს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ

პროექტის ინიცირება იანვარში მოხდება და ის ეფუძნება აშშ-ის კანონის მოდელს, განაცხადა მოძრაობის წარმომადგენელმა.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომლის წარმომადგენლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში შედიან, ამზადებს კანონის პროექტს „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნების შემოღების შესახებ.
„ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. აღნიშნულმა პირებმა მანამდე „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.

„ჩვენ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი „ენჯეოსთვის“ და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად“, – განაცხადა მოძრაობის წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, პროექტის ინიცირება იანვარში მოხდება და ის ეფუძნება აშშ-ის კანონის მოდელს და რამდენიმე სხვა დემოკრატიული სახელმწიფოს კანონს.
მისი თქმით, პროექტში შემოღებული იქნება „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ.
„გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს. ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სხვადასხვა თვალსაზრისით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ნებისმიერს აქვს აზრის გამოხატვის უფლება: პრემიერი ყოფილი თანამებრძოლების განცხადებებზე >>
გარდა ამისა, დეპუტატმა დააანონსა კიდევ ერთი კანონპროექტის ინიცირება, რომელიც, მისი თქმით, „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას“ ითვალისწინებს.

„კანონპროექტი ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას ეფუძნება და ის ეფექტიანად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, პროექტები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პოლარიზაციის შემცირებაზე საქართველოში.
„დარწმუნებული ვართ, რომ ორივე ინიციატივას ქართველი ხალხისგან ძალიან ფართო მხარდაჭერა ექნება, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი და რომელიც დაღლილია სიცრუის გამუდმებული ტირაჟირებითა და პოლარიზაციით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამ დროისათვის მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ყოფილი წევრების ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. „ხალხის ძალამ“ პროექტის ოფიციალური წარდგენის შემდეგ მათთან კონსულტაციები დააანონსა.
მანამდე „ხალხის ძალამ“ ღიად დაადანაშაულა მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები იმაში, რომ ისინი უცხოური სახელმწიფოების დაკვეთას ასრულებენ. მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის დაფინანსების დიდი ნაწილი მოდის არა საქართველოზე, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ანუ ამერიკულ აგენტურაზე.
„ხალხის ძალა“: აშშ ფულს საქართველოში აგენტურაზე ხარჯავს >>
დამდეგი 2023 წელი იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადების წელი, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. დღევანდელი მდგომარეობით, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და ყოფილ მმართველ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ.