სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში მიკოლაივის ოლქის სოფელ ნოვოპეტროვკას ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, წარმატებები უსურვა და ვაუჩერებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრა.
ბავშვებმა ორბელიანების სასახლე დაათვალიერეს და ჩიჩილაკის დამზადების მეთოდით დაინტერესდნენ, რომლითაც ტრადიციულად ირთვება ორბელიანების სასახლე.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში მცხოვრებ 700-მდე უკრაინელ ბავშვს, რომლებიც 41-ე და 220-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, საახალწლო სასაჩუქრე ვაუჩერები დაურიგდათ.
საჩუქრები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა ქეთევან თათოშვილმა და კონსტანტინე ნაცვლიშვილმა გადასცეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ასაკის 2 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხებოდა, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე 1.400-ზე მეტი ბავშვი იყო დარეგისტრირებული.
ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს.
უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ბევრ ოჯახს მოუწია სახლ-კარის დატოვება და სამშობლოდან წასვლა. ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, უკრაინელები საქართველოშიც ჩამოვიდნენ. არიან ისეთებიც, ვინც უკვე აქ იყო და სამშობლოში ჯერ ვერ ბრუნდება.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია