თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმის განხილვა განახლდა. დღეს მსჯავრდებულმა სააკაშვილმა პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა.
მოსამართლე გიორგი არევაძის თქმით, სააკაშვილმა სასამართლო სხდომაში მონაწილეობაზე უარი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე განაცხადა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის პირველი მოწმე ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი იქნება. მისი სამედიცინო დასკვნის თანახმად, ექს-პრეზიდენტის ორგანიზმში აღმოჩენილია სიცოცხლისთვის საშიში ტოქსინები და ლითონები.
სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა და მოითხოვენ მის გათავისუფლებას, რათა მან უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრება შეძლოს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბარია ომბუდსმენის აპარატთან შექმნილი ექსპერტთა ორი ჯგუფის, ასევე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნებში.
22 დეკემბერს გამართულ პროცესზე დაცვის მხარის პირველი მოწმე ამერიკელი ექსპერტი, ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი იყო. ექსპერტმა პროცესზე განაცხადა, რომ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენციის სიმპტომები აღენიშნება, რაც, დიდი ალბათობით, შეიძლება გამოწვეული იყოს სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე ლითონებით – ეს არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი. გარდა ამისა, სააკაშვილს აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
გოლდსმიტის რეკომენდაციაა გაათავისუფლონ სააკაშვილი და გადაიყვანონ სპეციალიზებულ კლინიკაში აშშ-ში ან ევროპაში. იქ, საქართველოსგან განსხვავებით, არის მაღალი დონის სადიაგნოსტიკო საშუალებები, ასევე შესაძლებელია მძიმე ლითონებით დაბინძურებული თავის ტვინის პრობლემების მკურნალობა. მისი თქმით, მსოფლიოში ასეთი კლინიკა არც ისე ბევრია.
ამერიკელი ექსპერტის აზრით, ყოველი მომდევნო დღე იწვევს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგრესირებას. გოლდსმიტი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და ის მოკვდეს.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აიცილოს სასჯელი ჩადენილი დანაშაულებისთვის. სააკაშვილის თანამებრძოლების მიზანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა, აღნიშნა პაპუაშვილმა.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.