თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოში მსჯავრდებულს წამებით კლავენ, არის ტყუილი და უსაფუძვლო მანიპულაციური ბრალდება, ნათქვამია იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ კვირაში მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელსაც 130-ზე მეტი ყოფილი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი აწერს ხელს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „წამებით სიკვდილი“ და იგი სასწრაფოდ საზღვარგარეთ უნდა იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ.
„საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისა და საჯარო მოხელეების ცილისწამებით ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიციის ასოცირებულ წევრად მოევლინა, რომელიც ყველა შესაძლო ხერხით მიისწრაფვის ქვეყნის საშინაო და საგარეო იმიჯის დაზიანებისკენ“, – დაწერა ბრეგაძემ.
მისი თქმით, ექს-პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტიც, რომ წამების შესახებ სიცრუის გავრცელებით სასჯელაღსრულების სისტემის ათასობით ღირსეულ თანამშრომელს შეურაცხყოფს, რაც სრულიად მიუღებელია.
„ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი, ჰქონდა სახელმწიფოს მეთაურის პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ყოველთვის, მათ შორის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომაც, როგორც წესი, უნდა მოქმედებდეს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა და მოითხოვენ მის გათავისუფლებას, რათა მან უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრება შეძლოს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბარია ომბუდსმენის აპარატთან შექმნილი ექსპერტთა ორი ჯგუფის, ასევე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნებში.
მანამდე რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. როგორც მან განაცხადა, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაციაა, სამინისტრო იძულებული იქნება გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები კლინიკა „ვივამედში" მყოფი ექს-პრეზიდენტის პალატიდან.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.