მსოფლიო დღეს

ოდესიდან რუსეთის იმპერატრიცისა და მხედართმთავრის ძეგლები აიღეს - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის ქალაქ ოდესაში რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინა II-ისა და მხედართმთავარ ალექსანდრ სუვოროვის ძეგლების დემონტაჟი დასრულდა.
დემონტაჟისთვის მზადება 28 დეკემბერს დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
როგორც ქალაქის ხელისუფლება იუწყება, ორივე მოხსნილ ფიგურას ოდესის ეროვნულ სამხატვრო მუზეუმში გადაიტანენ.
ძეგლების აღების გადაწყვეტილება ქალაქის საბჭომ 30 ნოემბერს მიიღო ხმათა უმრავლესობით (90%). ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა. კერძოდ, აგვისტოში ამაზე ისტორიულ-ტოპონიმიკურმა კომისიამ იმსჯელა, თუმცა გაურკვეველი დარჩა, შეეძლო თუ არა მას რეკომენდაცია გაეცა ქალაქის დამაარსებლის მონუმეტის აღებაზე. შესაბამისად, სექტემბერში ქალაქის საბჭო ვერ შეთანხმდა, უნდა აეღოთ თუ არა ეკატერინა II-ის ძეგლი.
ნოემბრის დასაწყისში იმპერატრიცის მონუმენტი უცნობი პირების თავდასხმის ობიექტი გახდა: მას თავზე წითელი ჩაჩი დაახურეს, ხელზე ყულფი ჩამოჰკიდეს, პოსტამენტზე კი სალანძღავი ფრაზა დააწერეს.
რამდენიმე დღის შემდეგ ხელისუფლებამ ძეგლის აღების შესახებ ელექტრონული კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა. ქალაქის მოსახლეობამ ძეგლის დემონტაჟს დაუჭირა მხარი. 24 ნოემბერს იგივე გადაწყვეტილება მიიღო ოდესის აღმასკომმაც.