პრესის ტურები და ინფლუენსერები: ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ანგარიში წარმოადგინა

ადმინისტრაციაში ისაუბრეს, თუ რა ღონისძიებები ჩატარდა საქართველოში გავლენიანი საერთაშორისო მედიის მონაწილეობით ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. წელს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს 54 პრეს-ტურის ფარგლებში 482 მაღალრეიტინგული საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი, ბლოგერი და ინფლუენსერი გაეცნო, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ესტუმრნენ National Geographic-ის, Conde Nast Traveller-ის, The Financial Times-ის, Independent-ის, Steller-ისა და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებებისა და პლატფორმების წარმომადგენლები.
ამ ტურების შედეგად საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ასობით პოსტი, სტატია, სიუჟეტი და ვიდეორგოლი მომზადდა, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გაეცნო.
პრეს-ტურების პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებს უმასპინძლა, დაგეგმა და განახორციელა აქტივობები ავიაკომპანიებთან თანამშრომლობით.
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს მსოფლიოს 13 ქვეყანაში გაეცნენ>>
რვა გაცნობითი ტურის შედეგად საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, კურორტებსა და ინფრასტრუქტურას 58 ტუროპერატორი გაეცნო. ტურის ფარგლებში უცხოელი ტუროპერატორები თანამშრომლობის მიზნით ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.
ტურიზმის როლი
ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში COVID-19-მდე 10%-ზე მეტი იყო, ამიტომ მისი აღდგენა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში საქმიანი აქტივობის აღორძინებისთვის.
2019 წელი საქართველოს ტურიზმისთვის რეკორდული წარმატებით დასრულდა – ქვეყანას ეწვია 9,3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
პანდემიის დაწყებიდან კი ქვეყანაში ტურიზმის სტაგნაცია დაიწყო. 2020 წელს შემოსავალი წარმოუდგენლად დაბალ ნიშნულამდე 427,7 ათას დოლარამდე დაეცა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 1,7 მილიონამდე ჩამოვიდა.
ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ ეტაპობრივად დაიწყო კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და საზღვრების გახსნა. 2021 წლის 1 თებერვალს ქვეყნის საჰაერო საზღვრები გაიხსნა, 1 ივნისს კი სახმელეთო საზღვრები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით 2 ათასზე მეტი ადამიანი გადამზადდა>>
შედეგად, 2021 წელს ტურიზმის აქტიურად აღდგენა დაიწყო – საქართველოში განხორციელდა დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი, რაც 45,1%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მონაცემები აღდგა 31%-ით.
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2021 წელს 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2022 წლის 11 თვეში საქართველოს 4,8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 185,5%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ნოემბერზე. პანდემიის წინა პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები 55,9%-ით აღდგა.
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წლის ათი თვის განმავლობაში 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თითქმის სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მონაცემზე. გარდა ამისა, შემოსავალმა 5,7%-ით გადააჭარბა 2019 წელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა პიკი იყო.