თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სერბეთი სუვერენული სახელმწიფოა და რუსეთი მასზე არანაირ დესტრუქციულ გავლენას არ ახდენს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მანამდე კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯელალ შვეჩლამ განაცხადა, რომ რუსეთის გავლენით სერბეთს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს, რისთვისაც სერბული უმცირესობის აჯანყებებს უჭერს მხარს კოსოვოს დასახლებებში.
„ბუნებრივია, სერბეთი სუვერენული ქვეყანაა და მასზე რუსეთის რაიმე დესტრუქციული გავლენის ძებნა აბსოლუტურად არასწორია. სერბეთი იცავს სერბების უფლებებს, რომლებიც ესოდენ რთულ პირობებში ცხოვრობენ და, ბუნებრივია, ხისტად რეაგირებს, როდესაც ეს უფლებები ირღვევა“, — უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამასთან კრემლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება, რა ხდება და როგორაა უზრუნველყოფილი სერბთა უფლებები, ვინაიდან სერბეთთან მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობები აქვს — როგორც ისტორიული, ისე სულიერი თუ სხვა ტიპისა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელგრადს იმ ნაბიჯებში, რომლებსაც ის დგამს“, — დაასკვნა პესკოვმა.
მანამდე სერბეთის შეიარაღებული ძალები, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ბრძანებით, საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს კოსოვოსთან საზღვარზე.
სერბეთსა და კოსოვოს შორის კონფლიქტი მიმდინარე წლის ივლისში გამწვავდა, როდესაც პრიშტინამ კოსოვოში შემსვლელი სერბებისთვის დროებითი დოკუმენტების შემოღება გადაწყვიტა და სერბულ უმცირესობას სერბული საავტომობილო ნომრების ადგილობრივით შეცვლა მოსთხოვა. კოსოვოელმა სერბებმა პროტესტის ნიშნად ბარიკადები აღმართეს, რის შემდეგაც პრიშტინამ ახალი წესების შემოღება გადადო.
ნოემბრის ბოლოს ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ კოსოვომ და სერბეთმა საავტომობილო ნომრებთან დაკავშირებული დავა მოაგვარეს, თუმცა რეგიონში კონფლიქტები მაინც გრძელდებოდა.
ბოლო ინციდენტი 25 დეკემბრის საღამოს მოხდა ზუბინ-პოტოკში, სადაც ადგილობრივ სერბებს ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი გზები. როგორც ნატოს მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი ერთ-ერთი საპატრულო პუნქტის მახლობლად უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა ცალმხრივად, რაც ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ და შეერთებულმა შტატებმაც აღიარა. ბელგრადს კი კოსოვო თავის ავტონომიურ რესპუბლიკად მიაჩნია და არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას. სერბეთის პოზიციას იზიარებენ: რუსეთი, ზოგი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, ევროკავშირის ხუთი ქვეყანა, ასევე ჩინეთი და ინდოეთი.