თბილისი, 28 დეკმებერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობა დღეს საიმედოდ არის დაცული კორონავირუსისგან, მაგრამ მსოფლიოში არსებული არახელსაყრელი ვითარება სერიოზულ რისკებს შეიცავს, დაწერა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ ინფიცირებულთა რაოდენობა თვეში 150-200 პაციენტს არ აღემატება, კორონავირუსის გართულებისგან გამოწვეული სიკვდილიანობა კი კვლავ მინიმალურ ნიშნულზეა – ექვსი შემთხვევა ბოლო თვეში.
„მიუხედავად ამისა, მსოფლიოში COVID-შემთხვევების მატების ტენდენცია და ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება საქართველოსთვისაც ზრდის რისკებს და ჩვენგან მოითხოვს უფრო მეტ სიფრთხილეს და ზოგიერთი საპასუხო პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მათ შორის ჩინეთიდან შემოსულ პირებზე COVID-ზე კონტროლის გამკაცრებას“, – დაწერა ცერცვაძემ.
ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რესპირატორული ინფექციის ნებისმიერი გამოვლენისთანავე აუცილებლად ჩაიტარონ COVID-ტესტი, დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს და მკაცრად შეასრულონ მისი რეკომენდაციები.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დაავადების გამოვლენის პირველივე დღეებში დაწყებული სწორი მკურნალობა იმის გარანტიას იძლევა, რომ არ მოხდება დაავადების დამძიმება, არ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია, მით უმეტეს, არ დადგება ლეტალური შედეგი.
რაც შეეხება გრიპს და სხვა რესპირატორულ ინფექციებს, ცერცვაძის განმარტებით, საქართველოში ვირუსის გავრცელების კლება შეინიშნება, თუმცა, მიმართვიანობა და კლინიკების დატვირთვა მაინც მაღალია.
რესპირაციული ინფექციების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მოდის A გრიპზე (H3N2 და H1N1 ქვეტიპები), ხოლო დანარჩენი ნახევარი სხვა რესპირაციულ ვირუსებზე – რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსები (მათ შორის COVID-ის გამომწვევი) და სხვ.