ბერლინში ტურისტული გამოფენა ქართული ტურიზმის პოპულარიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს

ITB Berlin-ში მონაწილეობა მასპინძელი ქვეყანის სტატუსით შესანიშნავი შესაძლებლობაა საქართველოს ტურისტული მიმართულების მთელი მსოფლიოსთვის წარსადგენად, აცხადებენ სამინისტროში.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველო შეძლებს თავისი ტურისტული პროდუქტები საერთაშორისო გამოფენა ITB Berlin 2023-ის 200 ათას ვიზიტორს წარუდგინოს, რომელთა ნახევარიც ბიზნესმენია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2023 წელს საქართველო ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს მთელი მსოფლიოსთვის ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენის უდიდესი შესაძლებლობაა.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გამოფენის მრავალმილიონიანი ტელემაყურებელიც გაიგებს. საქართველო ასევე საერთაშორისო მედიაკამპანიებში იქნება ჩართული, რაც ონლაინ, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიას მოიცავს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.
საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა.
Internationale Tourismus Boerse, ITB-ს ბანერი
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2022 წელს აქტიური მარკეტინგული კამპანიები გამართა.
მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიაპლატფორმა Bloomberg-ის გამოყენებით მასშტაბური კამპანია ჩაატარა.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორი ვიდეორგოლი და სამი სტატია მომზადდა, რომლებიც Bloomberg-ის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.
მსოფლიო მედიამ ბათუმს 150 სტატია მიუძღვნა>>
კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლებსა და სტატიებს 6 მილიონზე მეტი ინტერნეტ-მომხმარებელი გაეცნო დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, ბაჰრეინში, კატარში, ომანსა და ისრაელში.
Bloomberg-თან თანამშრომლობის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანია გაიმართა ბალტიისპირეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც სოციალური ქსელების, ციფრული და ბეჭდური მედიის, ტელევიზიისა და რადიოს, გარე ბანერებისა და ინფლუენსერების გამოყენებით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
პრესის ტურები და ინფლუენსერები: ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ანგარიში წარმოადგინა>>
კამპანიის ფარგლებში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის Eurowings მგზავრებიც გაეცნენ საბორტო ჟურნალში.
მარკეტინგული კამპანიის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს მსოფლიოში უდიდეს 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობდა. საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ დუბაის, თელ-ავივის, ლონდონის, ვარშავის, ბირმინგემის, ბრნოს, ტემპერის, პარიზის, მადრიდის, ბარსელონისა და ბერლინის ორ გამოფენაზე.