თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე ღიად და გამჭვირვალედ აგრძელებს გამოძიებას და გააკეთებს ყველაფერს, რომ გამოძიების წინაშე არსებულ ყველა შეკითხვას ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი გაეცეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 2 დეკემბერს, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სააკაშვილისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური კვლევის ნიმუშები, რის საფუძველზეც იმავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
გამოძიების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დამატებითი კვლევის (სისხლი) ნიმუშის წარდგენა მოითხოვა, რაზეც სააკაშვილმა და ადვოკატებმა უარი განაცხადეს. ადვოკატების მიერ კეთდებოდა განმარტება, რომ აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ თმის და ფრჩხილის ნიმუშებზე.
საგამოძიებო ორგანომ ადვოკატების ეს მოთხოვნა გაითვალისწინა, შესაბამისი კონსულტაციები გაიარა ექსპერტიზის ბიუროსთან, რის შემდეგაც დამატებით მოთხოვნილი თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღების და ექსპერტიზისთვის გადაგზავნის თაობაზე მზადყოფნა გამოითქვა. თუმცა, საგამოძიებო ორგანომ ყველა სახის ნიმუშის აღებაზე მსჯავრდებული სააკაშვილისგან და ადვოკატისგან უარი მიიღო.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების პროცესში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ ყველა ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას გაეცნონ და სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ჰქონდეთ წვდომა“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კლინიკა „ვივამედმა“ თავადაც ჩაატარა ტოქსიკოლოგიური კვლევა გერმანიაში, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთქმელიძემ მსჯავრდებულ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ საუბრებს აბსურდი უწოდა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის გამოკვლევის შედეგებზე ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნაში ნახსენები ნივთიერებები დასაშვებ ნორმებზეც კი დაბალია.
ექიმები საექსპერტო ჯგუფებიდან ამტკიცებენ, რომ ამჟამინდელი მკურნალობა უშედეგოა და სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება. ამასთან დაკავშირებით ისინი მოითხოვენ სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა ექს-პრეზიდენტმა საჭირო მკურნალობა უცხოეთში გაიაროს.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. როგორც მან განაცხადა, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაციაა, სამინისტრო იძულებული იქნება გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები კლინიკა „ვივამედში" მყოფი ექს-პრეზიდენტის პალატიდან.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.