სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება გართულდება - პრემიერმა რეფორმა დააანონსა

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, რეფორმა ითვალისწინებს სამხედრო სამსახურის ახალი, ეფექტური სისტემის შემოღებას.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. 2023 წელს საქართველო დაიწყებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის განხორციელებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება უფრო გართულდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა მხოლოდ ერთი წელია, ბევრი ახალგაზრდა უარს აცხადებს მასზე. უარის მთავარ მიზეზად სახელდება ის, რომ ახალწვეულები ყველაზე ხშირად ხვდებიან არა შეიარაღებულ ძალებში ან შსს-ს სპეცრეაგირების ძალების რაზმში, არამედ ციხეების ყარაულში ან სახელმწიფო დაცვის სამსახურში.

„ბოლო წლებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო „გირჩის“ მიერ შემუშავებული ე.წ. პროგრამა, რომელიც ათასობით ჩვენს ახალგაზრდას აძლევდა საშუალებას, თავი აერიდებინათ სავალდებულო სამსახურისთვის. ეს იყო მოუგვარებელი პრობლემა, რამდენადაც მათ კანონმდებლობაში ერთგვარი სიცარიელე აღმოაჩინეს და 10 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ თავი აარიდა სავალდებულო სამსახურს. ჩვენ ეს პრობლემა გადავჭერით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზი, რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლებას არ შეეძლო სავალდებულო სამხედრო სამსახურში ოფიციალურად დარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წევრების გაწვევა.
საუბარია ორგანიზაციაზე „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ლიდერებმა დაარეგისტრირეს 2017 წლის აპრილში. როგორც მაშინ ოპოზიციონერებმა განმარტეს, რომლებიც ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ გამოდიან, მათ ახალგაზრდების ჯარისგან გათავისუფლების ლეგალურ ხერხს მიაგნეს. ქართული კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურში გაწვევა შეიძლება გადავადდეს, თუ ადამიანი არის სასულიერო პირი.
პრემიერის განმარტებით, რეფორმა ითვალისწინებს სამხედრო სამსახურის ახალი, ეფექტური სისტემის შემოღებას.
„ჩვენ შევიმუშავეთ სამხედრო სამსახურის ახალი სისტემა. პროგრამა იქნება 6, 8, 11-თვიანი, იმის მიხედვით, ვინ როგორ კარიერას აირჩევს. ეს იქნება ინტენსიური საბრძოლო სამხედრო და თეორიული მომზადება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ადრე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება სტუდენტებს მისცემს საშუალებას, რომ მათ სავალდებულო სამხედრო სამსახური სასწავლო პროცესისგან მოწყვეტის გარეშე გაიარონ.
დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა – სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო. საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს იწვევენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 12 თვეა.