თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე იმ მოქალაქეების რიცხვმა, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდნენ, 30 ათასს გადააჭარბა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის შედეგების შეჯამებისას.
სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 1 მარტს დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.
„რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. ბოლო 6-7 თვეში 30.000-ზე მეტი სოციალურად დაუცველია დასაქმებული. რესურსი არის ძალიან დიდი“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში 200 ათასი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეა და მთავრობის ამოცანაა, ისინი როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში დაასაქმოს.
პროგრამის მთავარი მიზანია დროებითი სამუშაო ადგილების შექმნა და შრომის ბაზარზე იმ ადამიანების ინტეგრაციის ხელშეწყობა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ იყვნენ დასაქმებული.
პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ადამიანები მუნიციპალიტეტებში საქმიანობენ სკვერებში, გზების დაგებაზე, სახლების რემონტზე, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების დალაგებაზე.
პროგრამის მონაწილეები დასაქმდნენ ასევე ეროვნულ სატყეო სააგენტოში, აგვისტოს ბოლოს აქტიური მონაწილეობა მიიღეს ტყის ხანძრების ქრობის პროცესში ბორჯომის ხეობაში.
დასაქმების პროგრამა
პროგრამაში ჩართვამდე სპეციალისტები სოციალურად დაუცველების ცოდნას, უნარებსა და მუშაობის გამოცდილებას აფასებენ.
ბენეფიციარებს ჯგუფებად ყოფენ: ვისაც დიდი ხანია არ უმუშავია და მათი გამოცდილება არ პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს; ვისაც სურს დასაქმება კვალიფიკაციის მიუხედავად; ვინც არაფორმალურად დასაქმებულია ან არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა.
იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფში მოხვდა ბენეფიციარი, მას სთავაზობენ ან საზოგადოებრივ სამუშაოს, ან პროფესიული გადამზადების კურსს, ან ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზაციას.
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე სამუშაოში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება.
ამასთან, ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ, ხოლო მათი სტატუსი არ შემოწმდება.
დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
სულ 1 აგვისტოსთვის საქართველოში დარეგისტრირებული იყო 664,3 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 17,8%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე. 1 ივნისიდან კი სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად 150 ლარს იღებენ.