რა ბედი ელის ქუთაისის პარლამენტის შენობას? პრემიერმა გეგმებზე ისაუბრა

საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში 2019 წლის დასაწყისში დაბრუნდა.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის ბაზაზე ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონცეფციაზე მუშაობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში 2019 წლის დასაწყისში დაბრუნდა.

„ქუთაისის პარლამენტთან დაკავშირებით გვაქვს იდეა, რომ ეს შენობა, მისი უნიკალური მდებარეობა არ იყოს უფუნქციოდ დარჩენილი, ვამუშავებთ იდეას და კონცეფციას, რომ აქ განვითარდეს IT მიმართულება, შეიქმნას IT, ე.წ. ტექნოლოგიური ჰაბი ამ შენობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, აქ მიიწვევენ და დაასაქმებენ ახალგაზრდებს, ნიჭიერ თაობას, რომლებიც თავიანთი უნარების რეალიზებას შეძლებენ.
პრემიერმა დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის ბაზაზე ახალი IT ჰაბის შექმნით ისრაელის კომპანიაა დაინტერესებული. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტში ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
პარლამენტი ქუთაისში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე 2012 წელს ამუშავდა იმ დროს მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხი.
2017 წლის ბოლოს მიიღეს შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის თანახმად მთავარ კანონში აღარ წერია, რომ პარლამენტის სხდომები ქუთაისში უნდა გაიმართოს.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ შენობაში შეიძლება განთავსდეს ან შსს-ს აკადემია, ან გადაუდებელი დახმარების ცენტრი „112“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს