ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის საქმეში საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტია ჩართული

ამერიკელი ექსპერტი, ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეზე დაცვის მხარის პირველი მოწმე გახდა.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიმულაციის ლოგიკური გაგრძელებაა მის საქმეში საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტის ჩართვა, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სააკაშვილისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმის განხილვისას დაცვის მხარის პირველი მოწმე ამერიკელი ექსპერტი, ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი იყო. ექსპერტმა პროცესზე განაცხადა, რომ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენციის სიმპტომები აღენიშნება, რაც, დიდი ალბათობით, შეიძლება გამოწვეული იყოს სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე ლითონებით – ეს არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი.

„როდესაც მთლიანობაში საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ასეთ დროს, ბუნებრივია, გიწევს საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის სიმულაციის ლოგიკური გაგრძელება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის სიმულაციამ საზოგადოება უკვე დაღალა.
„ამ სიმულაციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი მიზანი – რაღაცნაირად შექმნას არა საფუძველი, არამედ საბაბი შეწყალებისთვის. მაგრამ სიმულაცია, წესით, არაფერი საფუძველი არ უნდა იყოს. 450-დღიანი სიმულაცია არის ის, რაც, მგონი, საზოგადოებას თავიდან ბოლომდე მობეზრდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გოლდსმიტის დაბალ რეპუტაციაზე საქართველოში ალაპარაკდნენ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ვიქტორ ბუტის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის, აშშ-ის და სირიის მოქალაქის რიჩარდ ჩიჩაკლის საქმეში მისი დასკვნა არსებობს. ნიუ-იორკის სასამართლომ ჩიჩაკლი ფულის გათეთრებისა და თაღლითობის მიზნით ბუტთან დანაშაულებრივ თანამზრახველობაში დამნაშავედ ცნო.
ამერიკელმა ექსპერტმა სასამართლოს სააკაშვილის დიაგნოზი გააცნო >>
გოლდსმიტმა დაასკვნა, რომ რიჩარდ ჩიჩაკლი ქმედუუნაროა, რადგან ფსიქიკური აშლილობა აქვს. მოსამართლემ კი, გოლდსმიტის შეფასების მიუხედავად, ჩიჩაკლი ქმედუნარიანად ცნო. მეტიც, მოსამართლემ, ორი ფსიქიატრის ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებზე დაყრდნობით, ყურადღება გაამახვილა გოლდსმიტის გულუბრყვილობაზე, რომელიც თავის შეფასებაში, სავარაუდოდ, ჩიჩაკლის ქალიშვილის მოსაზრებას გადაჭარბებულად ითვალისწინებდა.

დიაგნოზი და შეფასება

სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა და მოითხოვენ მის გათავისუფლებას, რათა მან უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრება შეძლოს. გოლდსმიტი მოწმედ სააკაშვილის საქმეში სწორედ მისმა ადვოკატებმა ჩართეს.
გოლდსმიტი სააკაშვილს 2022 წლის აგვისტოში შეხვდა. სასამართლოზე 22 დეკემბერს მან განაცხადა, რომ დემენციის გარდა სააკაშვილს აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რომლის მიზეზიც გახდა ციხეში მიღებული ფსიქოლოგიური სტრესი. გვერდითა საკნებში მყოფი პატიმრები მუდმივად ყვიროდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სააკაშვილს, განაცხადა ექსპერტმა მსჯავრდებულ სააკაშვილზე დაყრდნობით.
გოლდსმიტის რეკომენდაციაა გაათავისუფლონ სააკაშვილი და გადაიყვანონ სპეციალიზებულ კლინიკაში აშშ-ში ან ევროპაში. იქ, საქართველოსგან განსხვავებით, არის მაღალი დონის სადიაგნოსტიკო საშუალებები, ასევე შესაძლებელია მძიმე ლითონებით დაბინძურებული თავის ტვინის პრობლემების მკურნალობა. მისი თქმით, მსოფლიოში არც ისე ბევრია ასეთი კლინიკა.
ამერიკელი ექსპერტის აზრით, ყოველი მომდევნო დღე იწვევს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგრესირებას. გოლდსმიტი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და ის მოკვდეს.
„არ ვეთანხმები" - ელისაშვილი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე >>
ადვოკატის კითხვაზე, ხომ არ სიმულანტობს სააკაშვილი, გოლდსმიტმა უარყოფითი პასუხი გასცა. ამასთან, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კითხვაზე პასუხის გაცემისას მან შენელებული აზროვნებისა და ცუდი მეხსიერების სიმულაცია დაუშვა.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აიცილოს სასჯელი ჩადენილი დანაშაულებისთვის. სააკაშვილის თანამებრძოლების მიზანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა, აღნიშნა პაპუაშვილმა.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.

დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.