ღარიბაშვილი: საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთში 10 მლრდ დოლარის ინვესტირება შეუძლია

აფხაზეთს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ გახდეს მეორე მონაკო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა აფხაზეთში სამ წელიწადში 10 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს და იგი მეორე მონაკოდ გადააქციოს, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთის ბიუჯეტი რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს და ეს ბიუჯეტი მთლიანად დოტაციურია.

„მინდა ვთქვა შემდეგი: ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში პირველ სამ წელიწადში ჩვენ შეგვიძლია 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ეკონომიკურ საბჭოზე უკვე განიხილეს.
„აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აფხაზეთს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი კი მეორე მონტე-კარლო“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების მიმართ მშვიდობიანი პოლიტიკა აირჩია.
„ჩვენ გვინდა ამდენი ომებით მიღებული ჭრილობები მოვიშუშოთ. ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება. ჩვენ გვინდა აღნიშნული კონფლიქტის, ამ საშინელი ტრაგედიის მხოლოდ მშვიდობიანი გზით დასრულება, გვინდა შერიგება იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, ევროპულ საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს დიდ დახმარებას უწევს, რის თაობაზეც საჯაროდ არ საუბრობს. „ეს არის შეგნებული პოლიტიკა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 11 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება>>>
როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, გასულ წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 230 ახალგაზრდა ჩაირიცხა. 1,3 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ჯანდაცვის სისტემის მომსახურებით.
„რა თქმა უნდა, ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება... ჩვენი საერთო ამოცანა უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.