დავითაშვილი: საქართველოში 2023 წლიდან პირველი ვენჩურული საინვესტიციო ფონდი ამოქმედდება

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბიზნესი საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების ტექნოლოგიების წახალისებით საკმაოდ არის დაინტერესებული.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სტარტაპების მხარდასაჭერად საქართველოში პირველი გლობალური ვენჩურული საინვესტიციო ფონდი შეიქმნება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ფონდში საქართველოს მთავრობასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს კერძო სექტორი. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება ფონდის პარტნიორი 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით. ფონდის პარტნიორებს ასევე წარმოადგენენ „საქართველოს ბანკი,“ ახლად შექმნილი ქართული ვენჩურული ფონდი „ისარი“ და სხვა ადგილობრივი კერძო ინვესტორები.

„მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიეცა თანხმობა და ახალ კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის პირველი ვენჩურულ-საინვესტიციო ფონდი, სადაც სახელმწიფოც შევა“, – განაცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური ვენჩურული პლატფორმა 500 Global, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებით საქმიანობს და აქტიურად თანამშრომლობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად დააფუძნებს ახალ ფონდს, რომელშიც სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას სხვა კერძო ინვესტორებთან ერთად.
პირველ ეტაპზე ფონდის მოცულობა 20 მლნ დოლარი იქნება.
ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოში ბიზნესი ძალზე დაინტერესებულია ინოვაციებისა და სტარტაპ-ტექნოლოგიების წახალისებით. ვენჩურული ფონდის შექმნით კი ქვეყანა გადავა თვისობრივად ახალ ეტაპზე, როდესაც სტარტაპ-ეკოსისტემას ფინანსური მხარდაჭერის ახალი, უფრო მეტად გამართული ინსტიტუციური საშუალება გაუჩნდება იმ დახმარებასთან ერთად, რომლითაც აქსელერაციის ბაზაზე მთავრობა ამ კომპანიებს მხარს უჭერს და ხდება ტექნიკური შესაძლებლობების ზრდა.
სტარტაპები საქართველოში უფრო კონკურენტუნარიანი გახდება>>>
„ამ ზრდაში მონაწილეობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, მათ შორის კომპანია „500“, რომელიც გამორჩეული აქსელერატორია და წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, და უკვე საქართველოშიც, სადაც იგი 2023 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სტარტაპებს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან შეიქმნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და ამ მიმართულებით დახმარების გაწევა. სააგენტო ხელს უწყობს ბიზნესისა და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.