საქართველოს პრემიერი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს ზეიმობს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წელი გავიდა.
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე მიულოცა და დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შესრულდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა მილოცვის წერილში აღნიშნა, ის ფასეულობები, რასაც პატრიარქი საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა.
„მისი უდიდესი პირადი წვლილის დამსახურებით, ახალი საქართველოს მშენებლობის პროცესი ქრისტიანულ ფასეულობებთან ჩვენი დაბრუნებით დაიწყო. მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პატრიარქი განსაცდელში გვამხნევებს, გვაერთიანებს, მოყვასის სიყვარულისა და თანადგომის, ქვეყნის მსახურების ცოცხალ მაგალითს გვაძლევს, მომავლის რწმენას გვინერგავს“, - განაცხადა პრემიერმა.
პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებული სადღესასწაულო ლიტურგია წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. მანამდე საპატრიარქომ განაცხადა, რომ უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდებოდა.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.).
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი.
დღეისთვის სულ 42 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.