მოწამლეს თუ არა: სააკაშვილმა ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა

უარის მიზეზი არის უნდობლობა ექსპერტიზის ბიუროს მიმართ
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ექს- პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი მოწამვლის გამოძიების ფარგლებში ანალიზების ჩატარებაზე უარი თქვა, მიზეზად კი ლაბორატორიისადმი უნდობლობა დაასახელა, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური შესაძლო მოწამვლის საქმის გამოძიების ფარგლებში უკვე მერამდენედ ცდილობს ექს-პრეზიდენტის თმის, სისხლის და ფრჩხილის ნიმუშის აღებას.
„უნდობლობას ვუცხადებთ არა გამოძიებას, არამედ საექსპერტო დაწესებულებას ორი მოტივით. პირველი, ამ ექსპერტიზის ჩატარების სათანადო ნებართვები არ გააჩნიათ. მეორე, თავად საექსპერტო ბიურო უნდობლობას იწვევს, რადგან სახელმწიფო სისტემაშია სააკაშვილი მოწამლული და იგივე სახელმწიფო სისტემაში დაქვემდებარებული საექსპერტო ბიურო მიკერძოებული იქნება, ყალბ დასკვნას დადებს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ გამოძიებას საკუთარი ალტერნატივა შესთავაზეს.
„შევთავაზეთ, ევროპული სახელმწიფოების, ასევე აშშ-ს რომელიმე ავტორიტეტული საექსპერტო ბიუროდან ექსპერტები ჩამოიყვანონ, მათ აიღონ ნიმუშები, ჩემ თვალწინ დალუქონ, ამას დაასწრონ ჩვენი ექსპერტები, წაიღონ და უცხოეთში ჩაატარონ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კლინიკა „ვივამედმა“ თავადაც ჩაატარა ტოქსიკოლოგიური კვლევა გერმანიაში, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის. ჯიშკარიანის თქმით, ორგანიზმში სხვადასხვა ლითონის არსებობა შესაძლოა გარკვეული შენაერთის არსებობაზე მიუთითებდეს.
ამერიკელმა ექსპერტმა სასამართლოს სააკაშვილის დიაგნოზი გააცნო >>
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთქმელიძემ მსჯავრდებულ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ საუბრებს აბსურდი უწოდა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის გამოკვლევის შედეგებზე ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნაში ნახსენები ნივთიერებები დასაშვებ ნორმებზეც კი დაბალია.
ექიმები საექსპერტო ჯგუფებიდან ამტკიცებენ, რომ ამჟამინდელი მკურნალობა უშედეგოა და სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება. ამასთან დაკავშირებით ისინი მოითხოვენ სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა ექს-პრეზიდენტმა საჭირო მკურნალობა უცხოეთში გაიაროს.
სააკაშვილის მხარდასაჭერად: კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შეწყვიტა შიმშილობა >>
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.

დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.