თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მოწამვლის ფაქტის დასადასტურებლად ანალიზების ჩაბარებასთან დაკავშირებით ალოგიკურია და ეჭვებს აღძრავს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
დღეს, 24 დეკემბერს, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა უარი სისხლის, თმისა და ფრჩხილის ნიმუშების ჩაბარებაზე. ექსპერტიზას ან ნიმუშების კვლევის შედეგად უნდა დაედგინა მოწამვლის ფაქტი. ექს-პრეზიდენტმა უარის თქმის მიზეზად დაასახელა უნდობლობა ექსპერტიზის ბიუროს მიმართ.
„ალოგიკურია პოზიცია, რომელიც უკავია ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ან მის მომხრეებს. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვესმის მოარული, სპეკულაციური აზრები იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი აქვს მოწამვლას და შემდეგ პირი, რომელიც ასეთ ბრალდებებს აყენებს, უარს აცხადებს ნიმუშების გაცემაზე, ექსპერტიზის კვლევაზე და ჭეშმარიტების დადგენაზე, ადგილი ჰქონდა თუ არ ჰქონდა ასეთ ფაქტს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ეს მხოლოდ აძლიერებს ეჭვებს, რომლებიც საზოგადოებას ექს-პრეზიდენტის მოწამვლასთან დაკავშირებით გააჩნია.
ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კლინიკა „ვივამედმა“ თავადაც ჩაატარა ტოქსიკოლოგიური კვლევა გერმანიაში, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის. ჯიშკარიანის თქმით, ორგანიზმში სხვადასხვა ლითონის არსებობა შესაძლოა გარკვეული შენაერთის არსებობაზე მიუთითებდეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთქმელიძემ მსჯავრდებულ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ საუბრებს აბსურდი უწოდა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის გამოკვლევის შედეგებზე ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნაში ნახსენები ნივთიერებები დასაშვებ ნორმებზეც კი დაბალია.
ექიმები საექსპერტო ჯგუფებიდან ამტკიცებენ, რომ ამჟამინდელი მკურნალობა უშედეგოა და სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება. ამასთან დაკავშირებით ისინი მოითხოვენ სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა ექს-პრეზიდენტმა საჭირო მკურნალობა უცხოეთში გაიაროს.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.