ახალი წლის დღეებში თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა

Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. შობა–ახალი წლის დღესასწაულებზე გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო ბათუმის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები 27 დეკემბრიდან 9 იანვრამდე პერიოდში შესრულდება.
კომპანიის ინფორმაციით, 27-31 დეკემბრის და 2-9 იანვრის პერიოდში მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 10:25 საათზე და ბათუმში ჩავა 15:38 საათზე, ბათუმიდან კი გამოვა 17:15-ზე და თბილისში ჩამოვა 22:20 საათზე.
ამას გარდა, 28-31 დეკემბრის პერიოდში თბილისიდან ბათუმის მიმართულებით კიდევ ერთი მატარებელი გავა 00:35 საათზე და დანიშნულების ადგილზე ჩავა 05:47 საათზე. ბათუმიდან კი მატარებელი გამოვა 00:45 საათზე და თბილისში იქნება 05:50 საათზე.
მგზავრებს მატარებლების მოძრაობის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ „საქართველოს რკინიგზის" ვებ-გვერდზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, „საქართველოს რკინიგზის" სალაროებში და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.