მსოფლიო დღეს

ცნობილი გახდა ვაშინგტონში ზელენსკის გასაიდუმლოებული ვიზიტის დღის წესრიგი

Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი სახლის მინდორზე ვაშინგტონის დროით 14:00 საათზე (თბილისი დროით 23:00 სთ) დახვდება, იუწყება სააგენტო Bloomberg.
ამის შემდეგ გაიმართება ზელენსკის შეხვედრა ბაიდენთან, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებთან და პრეზიდენტის კაბინეტთან.
გავრცელებული ცნობით, ბაიდენისა და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია, სავარაუდოდ, 16:30 საათზე (ხუთშაბათის 01:30 სთ თბილისის დროით) შედგება.
პრესკონფერენციის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების კონგრესს ეწვევა და სიტყვით გამოვა ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე.
კონგრესში გამოსვლის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ უკრაინაში დაბრუნდება, სავარაუდოდ, პოლონეთის გავლით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ლიდერი შეერთებულ შტატებში სწორედ პოლონეთიდან ჩავიდა. ამის დასტურად გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ვაშინგტონიდან 24 კმ-ში მდებარე სამხედრო ბაზა ენდრიუსზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების თვითმფრინავი Gulfstream C-37B დაჯდა, რომლის ბორტზეც, დიდი ალბათობით, ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა.
როგორც გამოცემა Politico წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას რაკეტა ATACMS-ებისა (ფრენის სიშორე 300 კმ) და სადაზვერვო-მოიერიშე დრონ Grey Eagle-სა და Reaper-ის გადაცემას სთხოვს.
ამასთან მოსალოდნელია, რომ ჯო ბაიდენი სწორედ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადებს უკრაინისთვის 2 მილიარდიანი დახმარებისა და სარაკეტო ბატარეა Patriot-ის გადაცემის შესახებ.
როგორც მანამდე თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა განმარტა, შეერთებულმა შტატებმა ზელენსკი ვაშინგტონში გასულ ოთხშაბათს მიიწვია, რასაც უკრაინული მხარე პარასკევს დაეთანხმა, ოფიციალურად კი ვიზიტი კვირას დადასტურდა. ვიზიტი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბოლო წუთებამდე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.