თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მტკიცებულებების საფუძველზე თბილისში ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 9 ნოემბერს თბილისის ცენტრში, პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტი და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და ცდილობდნენ ინტერვიუს ჩაწერას რუსეთის მოქალაქესთან, რომელმაც ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ვიდეოგადაღების შეწყვეტის და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შემდეგ ავტომანქანაში ჩაჯდა, კომენტარზე მისულ ჟურნალისტს ავტომანქანა განზრახ დააჯახა და შემთხვევის ადგილი დატოვა. ჟურნალისტმა მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.
20 დეკემბერს პროკურატურამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარუდგინა. დანაშაული ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არც საგამოძიებო სამსახურს, არც საქართველოს პროკურატურას არ განუმარტავთ, დატოვა თუ არა რუსეთის მოქალაქემ საქართველო.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს კანონმდებლობით, როგორც ბრალდების წარდგენა, აღკვეთის ღონისძიების შერჩევა, ასევე განაჩენის გამოტანა შესაძლებელია ბრალდებულის დაუსწრებლად.
წყარო - გენერალური პროკურატურა