ლენტეხის მერიის შენობის დაცხრილვა: ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა დაბა ლენტეხში 2 ნოემბერს მოხდა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ლენტეხის მერიის შენობა, რასაც ხანძარიც მოჰყვა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო ვაზნებს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი და 10 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო ვაზნა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 დეკემბერს დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
უწყების ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნულ პირს დაუზუსტდა ბრალდება და მას ბრალი 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 353-ე (საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) მუხლებით წარედგინა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო - საქართველოს პროკურატურა