თბილისში კუკური ჭოხონელიძის სახელობის ქუჩა გაჩნდა

კუკური ჭოხონელიძეს მიღებული აქვს ღირსების ორდენი ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ძველ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას ქართველი მუსიკოსის, პედაგოგისა და ფოლკლორისტის კუკური ჭოხონელიძის სახელი ეწოდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ქუჩის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, ასევე კუკური ჭოხონელიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწაფეები.

„სიმბოლურია, რომ ამ ისტორიულ უბანს შეემატა კუკური ჭოხონელიძის სახელობის ქუჩა, უბანს, რომელსაც მნიშვნელოვნად უკავშირდება მისი ცხოვრების, შემოქმედების დიდი ნაწილი“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.

ჭოხონელიძე 1940 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა. 1967 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის განხრით.
ის სხვადასხვა წლებში ასწავლიდა სტუდენტებს, იყო ფოლკლორის კათედრის გამგე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ფოლკლორის კომისიის თავმჯდომარე. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ჭოხონელიძე არის ღირსების ორდენის კავალერი ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს