კახა კალაძე: შშმ პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან

დედაქალაქის მერმა ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს შშმ პირთა უფლებების დაცვას და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და მათი უფლებაა – ქალაქში თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მერის თქმით, ამ დღეებში თბილისის მერიაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის თემა უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იყო.

„ნებისმიერი თანამედროვე ქალაქი სხვადასხვა პრინციპების დაცვით ვითარდება, მათ შორის ერთ-ერთია ინკლუზიურობა. ამ მხრივ არც თბილისია გამონაკლისი. თითქმის ყველა ინფრასტრუქტურულ თუ გამწვანების პროექტში ვითვალისწინებთ ინკლუზიურობის პრინციპს“, – განაცხადა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, შშმ პირებზე მორგებული საგზაო ინფრასტრუქტურის ჩამონათვალში შედის ხმოვანი შუქნიშნები, რათა გადაადგილებისას მაქსიმალურად იყოს დაცული ამ ადამიანების უსაფრთხოება.
„შუქნიშანზე, ალბათ, ხშირად გსმენიათ ხმები. ეს განკუთვნილია იმისთვის, რომ უსინათლო ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა. ეს მთელ მსოფლიოში ადაპტირებულია და თბილისშიც დავიწყეთ მსგავსი პროექტების განხორციელება“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, ამ მიმართულებით საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება, რადგანაც ღამის საათებში ხმოვანი შუქნიშნები ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს. ამიტომ უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება, რაც დღისა და ღამის საათებში შუქნიშნების ხმის რეგულირებას გულისხმობს.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, საჭიროა მეტროს სადგურების ადაპტაციაც, ხოლო ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემის დანერგვა. კალაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.