დაჭრა მეუღლე და სიდედრს სცემა: ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ძალადობის ორ ეპიზოდზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა პირმა განსაკუთრებული სისასტიკით, დანის დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს და ფიზიკურად იძალადა სიდედრზე. უწყების ცნობით, დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხერხდა დაზარალებულის გადარჩენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე (ოჯახური ძალადობა) მუხლებით წარედგინა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
წყარო - გენერალური პროკურატურა