თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ახალი ომბუდსმენის კანდიდატურაზე მოლაპარაკებები ჩიხში მოექცა - მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია კონსენსუსამდე ვერ მივიდნენ.
„ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი არ წამოუყენებია და არჩევანი ოპოზიციას დაუტოვა. მმართველმა პარტიამ ამ ეტაპამდე მოსული რვიდან ხუთი პრეტენდენტი შეარჩია და ოპოზიციას მათ შორის არჩევანის გაკეთება შესთავაზა.
„მათი კატეგორიული პოზიციაა, რომ, მათ მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატის გარდა, ისინი მხარს არ დაუჭერენ სხვა კანდიდატს და ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი, სხვა დანარჩენ არგუმენტებს რომ თავი დავანებოთ, არის პოლიტიკური მიუკერძოებლობა“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ორიდან არცერთი კანდიდატი არ არის მისაღები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ უჭერენ მხარს. საუბარია ომბუდსმენის მოადგილე გია ბურჯანაძეზე და არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელ ანა აბაშიძეზე.
„ქართულ ოცნებას“ აფიქრებს პარტია „გირჩის“ დეპუტატ იაგო ხვიჩიას კანდიდატურაც. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რთული წარმოსადგენია, რომ პარტიის ლიდერი არჩევის შემდეგ პოლიტიკურად მიუკერძოებელი იქნება.
„აქედან გამომდინარე, დარჩა ხუთი კანდიდატი, სადაც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მიუკერძოებლობის მეტ-ნაკლები გარანტია. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ამ ხუთიდან ერთ-ერთი ამოერჩიათ, თუმცა ამაზე ჩვენ დღეს დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მან იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ არსებობს თეორიული შანსი, ოპოზიციონერებმა ხელახლა გაიაზრონ მოვლენები და პირველ ადგილზე სახელმწიფოს ინტერესები დააყენონ - ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთის შესრულება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაცემად.
„თუ ეს არ მოხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, არსებობს ჩავარდნის საფრთხე და შემდეგ გვეყოლება კიდევ მოსაძებნი ახალი კანდიდატები, ახალი პროცესი და ასე შემდეგ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ოპოზიცია რჩება იგივე პოზიციაზე, რომელიც ჯერ კიდევ ივლისში გააჟღერეს, აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, აბაშიძე და ბურჯანაძე „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული კანდიდატებისგან პროფესიონალიზმით და სტანდარტებით გამოირჩევიან. კომისიაზეც მათ ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მათ კანდიდატები არ ჰყავთ, მაგრამ გვთავაზობს იმ სიიდან ხუთ ადამიანს, რომლებიც კენჭისყრაზე გამოვლენ. ამიტომ ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მარტივი. ჩვენ ამ ადამიანებიდან არ დავუჭერთ მხარს არცერთ კანდიდატს“, - განუცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებს.
ამასთან, დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კონსენსუსისთვის მზად იყო.
იმაზე, რომ მოლაპარაკებები ჩიხში მოექცა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, მას არ ჰყავს ფავორიტი, თუმცა ზოგიერთ კანდიდატს უპირატესობას ანიჭებს, მაგრამ მათი დასახელება არ სურს.
„ვნახოთ, სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი კენჭისყრამდე... მაგრამ, სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს. ყველა კანდიდატს ჩემი მხარდაჭერა არ ექნება, ექნება კონკრეტულ კანდიდატს ან კანდიდატებს. ჩემი მეშვეობით „ქართული ოცნება“ კანდიდატებს ვერ გაიყვანს. ვის დავუჭერ მხარს და ვის არა, ამას კენჭისყრის დღეს ნახავთ“, - აღნიშნა იოსელიანმა.
თავდაპირველად ომბუდსმენობის 19 კანდიდატი იყო. ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად საჭიროა 90 დეპუტატის მხარდაჭერა. „ქართულ ოცნებას“ ამდენი მანდატი არ გააჩნია, ამიტომ მას ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება.
წინა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილება დეკემბრის დასაწყისში ამოიწურა.