მსოფლიო დღეს

მეორე მონარქი გირვანქა სტერლინგზე: ინგლისის ბანკმა ახალი ბანკნოტები წარმოადგინა - ფოტო

Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ინგლისის ბანკმა ახალი დიზაინის ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ბანკნოტი წარმოადგინა, რომელზეც გამოსახულია დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III, იუწყება Bank of England საკუთარ ოფიციალურ საიტზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩარლზის პორტრეტი ოთხივე ნომინალის (5, 10, 20 და 50 გირვანქა სტერლინგი) პოლიმერული ბანკნოტების წინა მხარეს იქნება აღბეჭდილი. გარდა ამისა, მეფის გამოსახულება კამეის სახით იქნება დატანილი გამჭვირვალე დამცავ „ფანჯარაში“.
ბანკის ცნობით, სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები დიზაინში მოსალოდნელი არ არის.

„ძალიან ამაყი ვარ, რომ ბანკი ჩვენი ახალი ბანკნოტების დიზაინს აქვეყნებს, რომლებზეც მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტი იქნება გამოსახული. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან მეფე მხოლოდ მეორე მონარქია, რომელიც ჩვენს ბანკნოტებზეა გამოსახული“, — განაცხდა Bank of England-ის დირექტორმა ენდრიუ ბეილიმ.

ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში, სავარაუდოდ, 2024 წლის შუა ხანებში გამოვა. თუმცა ყველა ის ბანკნოტი, რომლებზეც დედოფალი ელისაბედ მეორეა გამოსახული, ანგარიშსწორების კანონერ საშუალებად რჩება და მოსახლეობა მათ ჩვეულ რეჟიმში გამოყენებას შეძლებს.
სამეფო კარის მითითების შესაბამისად, ამ ცვლილებებით გამოწვეული ეკოლოგიური და ფინანსური შედეგების მინიმუმამდე დასაყვანად ახალი ბანკნოტები მხოლოდ გაცვეთილი ბანკნოტების შესაცვლელად და მათზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დაიბეჭდება.