თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. აფეთქება მოხდა მაგისტრალურ გაზსადენზე „ურენგოი-პომარი-უჟგოროდი“ (ჩუვაშეთი, რუსეთი), იუწყება „რია ნოვოსტი“.
ჩუვაშეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სამშაბათს, ადგილობრივი დროით 13:44 საათზე გადაუდებელი დახმარების სამსახურებმა მიიღეს შეტყობინება ვურნარსკის რაიონის სოფელ იამბახტინოს მახლობლად მიწისქვეშა გაზსადენზე გაზის გაჟონვის შედეგად გაჩენილი ხანძრის შესახებ.
როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრეს-სამსახურში აცხადებენ, მაგისტრალურ გაზსადენზე „ურენგოი-პომარი-უჟგოროდი“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
„ავარიის ადგილზე გაზის ჩირაღდნული წვა ლიკვიდირებულია. დადგენილია, რომ აფეთქება მოხდა გეგმიური სარემონტო სამუშაოების დროს მაგისტრალური გაზსადენის „ურენგოი-პომარი-უჟგოროდი“ 1420 მმ დიამეტრის მონაკვეთზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი, ერთი კი დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ აფეთქება მოხდა რუსულ გაზსადენზე, რომლითაც „ცისფერი საწვავი“ ციმბირიდან ევროპაში მიეწოდება. „ურენგოი-პომარი-უჟგოროდი“ რუსულ-უკრაინულ საზღვარს კურსკის ოლქში, სადგურ „სუჯას“ მიმდებარედ კვეთს, და ამ დროისათვის ეს რუსეთიდან უკრაინაში გაზის შემავალი ერთადერთი წერტილია ევროპაში გაზის ტრანზიტისთვის.