შსს: მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა დაკავებისას თავი მოიკლა

თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავების დროს ბრალდებულის მიერ თვითმკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 18 დეკემბერს ბრალდებულმა, 35 წლის გ.ს.-მ თანმხლები პირის, 33 წლის გ.გ.-ს თანდასწრებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა 39 წლის მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, 56 წლის მამაკაცი კი მუცლის არეში დაჭრა. დაშავებული ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. უწყების ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დანაშაულის ჩადენისთანავე ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, გ.ს.-ის ნათესავის სახლში მიაკვლიეს.

„პოლიციელების დანახვისთანავე გ.ს.-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, ჯერ პოლიციის თანამშრომლებს მიუშვირა, ხოლო შემდეგ თავზე მიიდო და განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ ამავე სახლში მყოფი გ.გ. და პოლიციის თანამშრომლები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტის დაფარვის ბრალდებით გ.გ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
უწყების ცნობით, გ.ს.-ს თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
წყარო - შსს