თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მოქალაქის მიერ თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო, რათა შემდეგ მომსახურების სააგენტოში აღნიშნული ავტომობილის რეგისტრაცია უპრობლემოდ მომხდარიყო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წყარო - შსს