სიცოცხლის ხელყოფა: დაზარალებულთა ინტერესებს სპეციალური საბჭო დაიცავს

ნებისმიერ დაზარალებულს, რომელსაც გამოძიების მიმართ პრეტენზიები აქვს, შეუძლია საბჭოს მიმართოს.
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურაში სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განსახილველი საბჭო შეიქმნა. ახალი უწყების პრეზენტაცია ორშაბათს გაიმართა.
საბჭო გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ინიციატივით შეიქმნა. პრეზენტაციაზე მან განმარტა, რომ საბჭოს მთავარი მიზანი დაზარალებულის საჩივრების გაცნობა, მათი უფლებების უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდაა.

„სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის და ეფექტიანი სახელმწიფო ბრალდების უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ აღნიშნული საბჭოს შექმნის თაობაზე“, – განაცხადა შოთაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერ დაზარალებულს შეუძლია საბჭოს მიმართოს, თუ გამოძიების მიმართ პრეტენზიები გააჩნია.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია დაზარალებულების ნდობა პროცესისადმი და იმის შეგრძნება, რომ მათი უფლებები მაქსიმალურად არის დაცული.
საბჭო შედგება ცხრა წევრი პროკურორისგან, რომლებსაც მსგავს საქმეებში მუშაობის ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება აქვთ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს