ქართველი ძალოსნები კოლუმბიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

ლაშა ტალახაძის სამი ოქროს გარდა, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ორი ვერცხლის მედალი გიორგი ჩხეიძემ მოუტანა.
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა ძალოსნებმა კოლუმბიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულეს და სამშობლოში დაბრუნდნენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტსმენებს ოჯახის წევრები, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და სპორტის გულშემატკივრები დახვდნენ.
ლაშა ტალახაძე
გიორგი ასანიძის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი, ასევე პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულები მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ქულების რაოდენობით მეორე, ხოლო მედლების რაოდენობით მესამე გუნდური ადგილი დაიკავა.
მიღწევებს შორის მთავარი ლაშა ტალახაძის მედალია – ლაშა ტალახაძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ზედიზედ მეექვსედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ქართველმა გოლიათმა ატაცში 215, აკვრაში კი 251 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით გაიმარჯვა.
გიორგი ასანიძე და გიორგი ჩხეიძე
გიორგი ჩხეიძემ ნაკრებს ორი ვერცხლი მოუტანა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ქალაქ ბოგოტაში გამართულ ჩემპიონატში 93 ქვეყნიდან 537 სპორტსმენი (270 ქალი და 267 მამაკაცი) მონაწილეობდა. საქართველო ტურნირზე 10 სპორტსმენით წარდგა.