ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ევროკომისარს საქართველოს ენერგოპოტენციალი გააცნო

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და ევროპას შორის ელექტროკაბელის გასაყვანად 2,3 მილიარდი ევრო გამოიყოფა.
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და ევროპას შორის მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის პროექტთან და ჰიდრო და სხვა განახლებადი ენერგორესურსების მიმართულებით საქართველოს პოტენციალთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ და ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა.
შეხვედრა ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მე-20 შეხვედრის ფარგლებში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება.
როდის დაიწყება შავ ზღვაში საქართველო-ევროპის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის გაყვანა>>>
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის პროექტს, რომელმაც საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი ელექტროკაბელის გასაყვანად 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს, განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.
აღინიშნა, რომ საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების ერთმანეთთან დაკავშირებით ევროპა შეძლებს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს.
ამასთან, ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ პოტენციალზე, რომელიც საქართველოს, როგორც ჰიდრო და სხვა განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ ქვეყანას აქვს. აღინიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს.
მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ევროკომისიასთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით საქართველოში ევროკომისარ კადრი სიმსონის ვიზიტს მიესალმება.