თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9,8% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 9,7% იყო.
მიმდინარე ფასებით მშპ-ის მაჩვენებელმა 2022 წლის მესამე კვარტალში 19,3 მლრდ ლარი შეადგინა. დეფლატორმა აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 9,4%. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი 1.851,6 დოლარია (2021 წელს – 1.388,5 დოლარი).
ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება
2022 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, კომუნალური მომსახურებისა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სფეროებში.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2022 წლის მესამე კვარტალში, რომლებსაც ყველაზე მაღალი ზრდა აქვთ
ეკონომიკის სფერო | ზრდა, % |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 74,9 |
ელექტრო- და გაზმომარაგება | 34,7 |
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა | 31,3 |
ტრანსპორტი და დასაწყობება | 29,0 |
ვაჭრობა | 8,8 |
ვარდნა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ჯანდაცვა და სოციალური სფერო.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი უჭირავს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და მშენებლობას.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით III კვარტალში
ეკონომიკის სფერო | ხვედრითი წილი მშპ-ში, % |
ვაჭრობა | 14,8 |
გადამამუშავებელი მრეწველობა | 11,4 |
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | 9,6 |
სოფლის მეურნეობა | 8,0 |
მშენებლობა | 7,7 |