თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველო იყო სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის იდეის ავტორი და კვლევისთვის უკვე გამოყოფილიც არის თანხები, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს. როგორც ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, ევროკავშირი ელექტროკაბელის გასაყვანად 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს.
„ამ პროექტის ინიციატორიც, იდეის ავტორიც იყო საქართველო. საქართველომ წარადგინა ეს პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ფლაგმანი პროექტის რეალიზაციისთვის უკვე დაწყებულია კვლევები.
„საქართველომ დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ამ სამუშაოების დაფინანსება, შემდგომ ამას შემოუერთდნენ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც და ცოტა ხნის წინ პრემიერის მონაწილეობით გაფორმდა მნიშვნელოვანი შეთანხმება“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, საქართველო რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ პროექტზე. საწყის ეტაპზე მის მიმართ ასეთი ინტერესი არ ყოფილა. ახლა კი მის განხორციელებაზე ოთხი ქვეყანა უკვე შეთანხმდა, რომელთაგან ორი ევროკავშირის წევრია.
„გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ევროკავშირში და, შესაბამისად, ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. წელს კი ვნახეთ ევროკავშირის ხელმძღვანელების ძალიან აქტიური ჩართულობა და ენთუზიაზმი ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. შეთანხმების გაფორმების შემდეგ პროექტს უკვე სხვა სტატუსი მიენიჭა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც ადრე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, უშუალოდ გეოლოგიის მიმართულებით მუშაობა 2023 წელს დაიწყება. შავ ზღვაში გეოლოგიური კვლევებისთვის საქართველო 20 მილიონ დოლარს გამოყოფს.