საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

ხელისუფლება აგრძელებს ბრძოლას საავტომობილო გზებზე დარღვევების წინააღმდეგ
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის დარღვევისთვის ახალი ჯარიმების დაწესებას, უკვე მიღებულია და ძალაში მიმდინარე წლის 27 დეკემბრიდან შევა.
ცვლილებების თანახმად, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს; ხოლო იმ მძღოლის მიერ, ვინც რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს - 400 ლარის ოდენობით.
წლის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა ასევე 400 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 600 ლარი იქნება.
ასევე გაიზარდა ჯარიმები სანომრე ნიშნის და რეგისტრაციის გარეშე ავტომობილის მართვისთვის. მაგალითად, ისეთი ავტომობილის მართვა, რომელსაც მხოლოდ ერთი სანომრე ნიშანი აქვს ან ნომერი საქარე მინაზე აწერია, 100-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, ხოლო თუ ავტომობილი არის საერთოდ სანომრე ნიშნის გარეშე ან შეცვლილი სანომრე ნიშნით, ჯარიმა 2 ათას ლარს შეადგენს.
დაურეგისტრირებელი ავტომობილის მართვა 300 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, ჩამოწერილი ავტომობილის - 2 ათას ლარიანს. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 600-დან 2,5 ათას ლარამდე შეადგენს.
დაკარგული ან დაზიანებული მართვის მოწმობის გამოყენება კანონიერად გაცემულ მართვის მოწმობასთან ერთად, ან ძალადაკარგული მართვის მოწმობის გამოყენება, ასევე მართვის მოწმობის დაკარგვისა ან დაზიანების შესახებ ცრუ ინფორმაციის წარდგენა 150-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
საქართველოში დრიფტი ოფიციალურად აიკრძალა >>
ცრუ ინფორმაციის წარდგენა სხვა პირის მართვის მოწმობის გამოყენების მიზნით მძღოლს 700 ლარი დაუჯდება.
გარდა ამისა, დაბურული მინების მქონე ავტომობილის მართვა 100 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს თუ დაბურვის დონე 1-10%-ით აღემატება დასაშვებ ნორმას, თუ დაბურვა ნორმას 10%-ზე მეტით ცდება, ჯარიმა 500 ლარს შეადგენს. განმეორებითი დარღვევა 1000 ლარიან ჯარიმას შეადგენს.
შსს-ს წესების გვერდის ავლით ციმციმა, ხმოვანი სიგნალის ან დინამიკების გამოყენება პირველადი დარღვევის შემთხვევაში ისჯება 2 ათას ლარიანი ჯარიმით, წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში - 2,5 ათასი ლარით.
ათასლარიან ჯარიმას გადაიხდიან მძღოლები, რომლებიც მონაწილეობენ გზის ორგანიზებულ გადაკეტვაში ან ავტომობილების ჯგუფურ მოძრაობაში, რომელიც შემხვედრ ზოლსაც იკავებს.
შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების დარღვევა, ასევე პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა 100 ლარიანი ჯარიმით ისჯება.
კანონმდებლობის დარღვევით მგზავრების გადაყვანა ან ტვირთების გადაზიდვა ასევე 100-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
ხოლო მსხვილგაბარიტიანი ტრანსპორტის გამოყენება უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე ან თანხლების გარეშე 1000 ლარიანი ჯარიმით ისჯება, ხოლო თუ ამ დარღვევამ გამოიწვია ტვირთის, გზის საფარის ან საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება - ჯარიმა 2000 ლარს შეადგენს.