თბილისში ქართული პრესის პირველი მუზეუმი გაიხსნა

პრესის მუზეუმის მიზანია - ფართო საზოგადოებას გააცნოს ქართული ჟურნალისტიკისა და პუბლიცისტიკის განვითარების ეტაპები
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრესის პირველი მუზეუმი გაიხსნა.
პრესის მუზეუმის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს ქართული ჟურნალისტიკისა და პუბლიცისტიკის განვითარების ეტაპები, რის შედეგადაც შეიქმნა საქართველოს უნიკალური პრესა, როგორც უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა და ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილი.
ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ. მუზეუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.
„საქართველოს პრესის მუზეუმი არის სივრცე , სადაც პირველად იყრის თავს როგორც XIX, ისე XX საუკუნის პრესა, რომელიც ქრონოლოგიურადაა დალაგებული და მნახველს არა მხოლოდ პერიოდიკის, არამედ, ზოგადად, ეპოქის შესახებაც უქმნის შთაბეჭდილებას“, - ნათქვამია ბიბლიოთეკის განცხადებაში.
დამთვალიერებელი მუზეუმში ნახავს ივანე კერესელიძის, გიორგი ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხის და საზოგადო მოღვაწეების გამოცემებს, როგორიცაა ჟურნალები „ცისკარი“, „საქართველოს მოამბე“; გაზეთები: „ივერია“, „დროება“, „ცნობის ფურცელი“, „კვალი“, „გუთნის დედა“ და სხვა. მუზეუმის ექსპონატთა შორისაა პირველი რესპუბლიკის პერიოდისა და საბჭოთა ეპოქის მნიშვნელოვანი გამოცემებიც.
პრესის მუზეუმის სივრცეში იქნება როგორც მუდმივი, ისე დროებითი, თემატური გამოფენები. აღნიშნულია, რომ მუზეუმში პერიოდული გამოცემების შენახვისა და დაცვისთვის აუცილებელი ყველა პირობა შექმნილია.
პრესის მუზეუმი შეიქმნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების ბაზაზე.